Saturday, October 17, 2009

თავზე დამყვირის ოპოზიცია



მე, თბილისის ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ, ერთ პატარა ქუჩაზე, რომელიცაღმაშენებლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს კვეთს და ერთმანეთთან აერთებს. ქუჩა იმდენად არ არის ფართო, რომ ხანდახან მოპირდაპირე მეზობლის ფანჯრებს მიღმა რა ხდება ძალაუნებურად ვხედავ ხოლმე. თუმცა ახლა ეს არ არის ჩემი პოსტის მთავარი თემა. ახლა სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი.

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ წესით სულ სხვა რამეს უნდა ვაკეთებდე, ხვალ დილით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექცია მაქვს დრამატურგიისა და მე ბედნიერი მოუთმენლად ველოდები ყოველი კვირის მე6 დღეს ყოველთვის, გუშინაც არანორმალურად გამთენიისას დავიძინე, გუშინწინაც დილის 7 საათზე დავასრულე ფილმის ყურება და ვიფიქრე დღეს მაინც სამაგალითო სტუდენტივით ადრე დავიძინებთქო, მითუმეტეს ხვალ დილით.. ოოო ხვალ დილით… რა ვქნა თუ გნებავთ რაც გინდათ ის დაარქვით ზოგიერთი ლექციისადმი ჩემ განსაკუთრებულ სიყვარულს… ჰოდა სწორედ 1 საათის წინ გადავწყვიტე დამეძინა, დავხურე კიზის ვარდისფერყდიანი პატარა წიგნი და ჩემთვის მუდან საინტერესო და აუხსნელ სამყაროში სამოგზაუროდ მოვემზადე.

ღამით ყოველთვის ფანჯარა ღიაა, მითუმეტეს რომ შემოდგომის სუნი უკვე იგრძნობა და როცა ჩემს ფანჯარასთან მდგარ ნახევრადყვითელ ჭადარს ვუყურებ რაღაც უცნაური ბედნიერება მეუფლება, ის ხომ ნოემბერს მახსენებს, რომელიც სულ მალე მოვა.. ბავშვობაში ამ ჭადარს რატომღაც დიდი დატვირთვა მიეცა ჩემთვის და მას მერე ასეა, ადრე ფოთლებს ვითვლიდი ხოლმე მასზე, სულ მეგონა რომ ჩამოსცვიოდა ხე მოკვდებოდა და მეც ისე როგორც ო ჰენრის ერთ ნოველაშია, სულ მინდოდა ფოთლები მიმეხატა ფანჯარაზე და მგონებოდა, რომ ხე ცოცხალია. ახლა ეს ხე ჩემი ნოემბრის მოახლოების მაცნედ იქცა და ამიტომ მიყვარს მისი ყურება.. ხე რა შუაშია და იმაზე ვწერდი, ახლა რომ წესით ძლიერ გვიანია.. ღამით ყოველთვის ღიაა ფანჯარა და ქუჩის გადაღმა მდგარი სახლი საკუთარივით ახლოა ჩემთან. გზის გადაღმა ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, ზუსტად ჩემი ფანჯრების გასწვრივ, მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ქალი მთელი დღე უპატრონო კატებისა და ძაღლების მოვლით იქცევს თავს, კაცს როგორც ყველას, საქართველოში პოლიტიკა ხიბლავს და იზიდავს თავის წიაღებისკენ და როგორც ყველა ასაკოვანს, რა თქმა უნდა ოპოზიციის პოზიცია უფრო ახლობლურად მიაჩნია. კაცს ყურთ აკლია ცოტა, სამაგიეროდ ტელევიზორი აქვს ახალი და ხმაც კარგად ეწევა.. ჰოდა ახლა, ამ სტრიქონს რომ ვწერ სწორედ ამ კაცის, ახალი ტელევიზორის, მისი ოპოზიციური განწყობისა და შემოდგომის ბრალია.

თან კავკასია.. თანაც ხმამაღლა…

ვინც კარგად, ან ცუდად მაინც მიცნობს, იცის, ჩემი ინდიფერენტული დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკისადმი, ისიც იცის, რა განწყობა მაქვს განსაკუთრებით ჩვენი საამაყო ოპოზიციის დესპანების მიმართ.. ისიც იცის ხმაური რომ ჩემზე ცუდად მოქმედებს და “ასავალ-დასავალს” მაშინაც კი არ ვკითხულობ, როცა უნივერსიტეტში მავალებენ. შესაბამისად წარმოდგენაც გაუადვილდება ასეთ ადამიანს იმისა, თუ რა ნეტარება განვიცადე ძილის პირველ სტადიაში მყოფმა, როცა ჩემმა დიადმა მეზობელმა (რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი კაცი) უეცრად გადაწყვიტა ენახა კავკასიაზე გამავალი რაღაც “სტრანნი” (ზოგადად არ მიყვარს ბარბარიზმები, უცხო სიტყვები და ა.შ. მაგრამ აქ მხოლოდ ეს სიტყვა ან უფრო უარესი შეიძლება გამოვიყენო) გადაცემა. თანაც ხმამაღლა.. ჯერ ვიღაც კაცი ლაპარაკობდა, ქალის ხმა ერწყმოდა შიგადაშიგ, (ბატონ აქუბარდიას ხმა არ ამოუღია, ან ჩუმად იჯდა, ან ახალი წამყვანი ყავს, მომილოცავს, ერთით მეტი თანამშრომელი “ტელეკავკასიას” აი უკვე სულ ოთხნი არიან.. თუ ასე გააგრძელეს, შეუძლიათ თქვან “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებითო”.) მომიტევეთ გადახვევისთვის და იმას ვამბობდი, რა ენით აღუწერელი ნეტარება განვიცადე შაბათის წინა დღის უკანასკნელი საათის მიწურულს. რა თქმა უნდა სხვა აუხსნელმა და საინტერესო სამყარომ შორეულ პერსპექტივებშიგადაინაცვლა. მე კი, რადგან ვიცი რომ ბატონი იურა კარგა ხანს კიდევ არ დაასრულებს თანამედროვე ქართული პოლიტიკის საღამოს, გადავწყვიტე დიდი ხნის გეგმაში მყოფი ფილმი მენახა.

ბოლოს, მინდა გითხრათ, თუ თქვენს პირდაპირ სმენადაქვეითებული მეზობელი ცხოვრობს და ღამით დიდი პოლიტიკის მჩქეფარე ტალღებში გადაშვებას დააპირებს, ნუ გაბრაზდებით, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა, ან უყურეთ საინტერესო ფილმს.

მე, თბილისის ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ, ერთ პატარა ქუჩაზე, რომელიც აღმაშენებლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს კვეთს და ერთმანეთთან აერთებს. ქუჩა იმდენად არ არის ფართო, რომ ხანდახან მოპირდაპირე მეზობლის ფანჯრებს მიღმა აღმოვჩნდები და ჩემთვის უინტერესო პოლიტიკურ საღამოებს ვესწრები ხოლმე.

პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი ფსიქე..

1 comment:

calzahl said...

Titanium Angle - Stitch Designs
In addition to an ridge wallet titanium adjustable screw, this adjustable safety razor is suitable for all types of face and body needs. titanium septum jewelry The Stitch Designs titanium metal has titanium men\'s wedding band a range of titanium hair